
"მაჟორიტარებთან შეთანხმება შედგება"
09/12/2019 13:41:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე 3 ძირითადი საკითხი განიხილეს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ერთ-ერთი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა იყო, რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესენია: მოსამართლეთა არჩევისა და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა.
„ჩვენ დღეს ვილაპარაკეთ სამ თემაზე: პირველი თემა შეეხებოდა გუნდის უმრავლესობის, პარტიის თავმჯდომარისა და ჩვენს შეთავაზებას იმ მაჟორიტარების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, რომ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს შეთანხმებაზე საბოლოოდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ 2-3 დღე ავიღეთ ყველამ, რათა გარკვეული ტექნიკური დეტალები შევაჯეროთ და უკვე გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმება შედგება იმიტომ, რომ პრინციპული თანხმობა ჩვენს პოზიციებს შორის არის და პოზიციები დავაახლოეთ, მაგრამ ვიდრე საბოლოო ტექნიკურ დეტალებსა და სხვა დეტალებს არ შევაჯერებთ, ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ გავახმოვანებთ. [...] ჩვენ ცალსახად, [ოპოზიციასთან და დიპლომატებთან] პირველივე შეხვედრაზე დავადასტურეთ, რომ ეს საკითხი, მაჟორიტარული სისტემის შიგნით როგორ განაწილდეს მანდატები, ცალსახად შეესაბამება კონსტიტუციას, მაგრამ მიზანშეწონილობაზე უნდა ვისაუბროთ ამ შემოთავაზების შემდეგ. ეს შემოთავაზება მივიღეთ გუშინ, ჩვენ ამ კვირის განმავლობაში სავარაუდოდ ვიმსჯელებთ უფრო დეტალურად, უფრო მეტი დრო გვექნება და სავარაუდოდ ამ კვირის ბოლომდე გარკვეული გადაწყვეტილების კონტურები იქნება ცნობილი”, - განაცხადა მდინარაძემ.