
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის 11 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება
29/09/2023 06:20:04 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ66-კმ76) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.
პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ტროტუარების და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე მოეწყობა გადაკვეთები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. გზაზე წყლის აცილების მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია ღია სანიაღვრე ქსელის მოწყობა. განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.87 მლნ. ლარია.
სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება" - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.