Accentnews.ge
"ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია"

"ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია"

09/12/2019 15:16:01 კონფლიქტები

ინფორმაციის გაზიარება ვერ იქნება შეფასებული, როგორც პირობა ან მით უფრო გარანტია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მის გადაწყვეტილებებთან, რაზეც პასუხისმგებლობას გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს ხელისუფლება ვერ აიღებს, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ციხელაშვილის თქმით, ნამდვილად არსებობდა გარკვეული მინიშნებები იმის თაობაზე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე გათავისუფლდებოდა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ამ პირობას არ ასრულებს.

„ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო პატიმრობაში რჩება. ოჯახი არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. არა მხოლდ გვესმის, არამედ მასთან ვართ ამ განსაცდელში, მათ შორის რეგულარული კომუნიკაციით, როგორც ჩემი აპარატის, ისე სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. იმ ინფორმაციას, რასაც ჩვენ ამოქმედებული სხვადასხვა არხით ვიღებთ, ოჯახს და საზოგადოებასაც ვუზიარებთ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. აქ ორი რამ არის გასათვალისწინებელი. პირველი, ინფორმაციის გაზიარება ვერ იქნება შეფასებული, როგორც პირობა ან მით უფრო გარანტია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს საოკუპაციო რეჟიმთან, მის მოქმედებებთან და, საუბედუროდ, მის გადაწყვეტილებებთან, რაზეც პასუხისმგებლობას გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს ხელისუფლება ვერ აიღებს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ დიახ, იყო გარკვეული მინიშნებები და ინფორმაციაც სწორედ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მიმართ ამ პერიოდის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილის მალე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რასაც ეს რეჟიმი, საუბედუროდ, დღემდე არ ასრულებს. ეს მათი სახე, პასუხისმგებლობა და, როგორც ჩანს, საკმაოდ მიზანმიმართული მოქმედება",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არსებულ ვითარებაში ყველა ნაბიჯის გადადგმა და შესაძლებლობის გამოყენება, რასაც აკეთებს კიდეც.

„აუცილებლად გავაგრძელებთ. აქ საუბარია ყველა არხზე, როგორც ოსურ, ისე რუსულ მხარეებთან. დაწყებული კერძო პირებით და პირადი კინტაქტებით, დასრულებული უმაღლეს და ყველა დონეზე რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაციით, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში. ჩვენი პარტნიორების ყველა დედაქალაქში ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დღის წესრიგშია და მათავარი ამოცანა მისი გათავისუფლება გახლავთ“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და დასძინა, რომ ოჯახის მდგომარეობა აბსოლუტურად გასაგებია. ოჯახის დაძაბულობა მით უფრო გასაგებია, ვიდრე ვაჟა გაფრინდაშვილი არ გათავისუფლდება. ჩვენი ყველა ნაბიჯი, ყველა მოქმედება პირველი დღიდან მოტივირებული იყო პირველ რიგში ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებიდან და მისი გათავისუფლების ამოცანიდან გამომდინარე, არა პიარის და ჩვენი მოქმედებების ტირაჟირებით, რადგან მთავარი ექიმის ინტერესებია. ოჯახის შეფასებაში არ შეიძლება და ვერ შევალთ, რადგან არის განსაკუთრებული ფაქტორები“ ,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ამ პროცესში პოლიტიკური ქულების დაწერა მიუღებელია:

"გარკვეული პოლიტიკური პირების მხრიდან განცხადებები კეთდება. რადგან ასეთი მოცემულობაა, ეს არ ნიშნავს, რომ მისაღებია რაიმე ტიპის სპეკულაცია და ამ თემაზე ქულების დაწერა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან. აბსურდულია საოკუპაციო რეჟიმის მოქმედებებზე პასუხისმგებლობის  ხელისუფლებისთვის დაკისრება“.

როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა მიღწეული იქნას შედეგი, გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი:

„ამ რაუნდზე ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ჩვენი ყველას უმაღლესი ინტერესია, რომ მისი გათავისუფლება მიღწეული იყოს. საქართველოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურა კოორდინირებს ძალიან მაღალ დონეზე და მაქსიმუმს აკეთებს. სხვაგვარად ამ ვითარებაში მუშაობა შეუძლებელია.”

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში უკანონო პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის თანათავმჯდომარეებს მიმართავს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად. ოჯახი საქართველოს ხელისუფლებისგან "მეტად ქმედით ნაბიჯებს" ითხოვს და ასევე მოითხოვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეში გაერო–ს უმაღლესი კომისარი ჩაერთოს. 

როგორც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, თუ უახლოეს დღეებში ქართველი ექიმი არ იქნება გათავისუფლებული, ისინი პროტესტის რადიკალურ ზომებს მიიღებენ. 

"კონკრეტულად რა ზომებს მივიღებთ, ამას ჟენევის შეხვედრის შემდეგ განვაცხადებთ", – აცხადებენ ექიმის ოჯახის წევრები. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S