რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდი სოხუმის პორტში შევიდა

29-09-2023 13:51:19 კონფლიქტები

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“ სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში“ მონაწილეობის მისაღებად.

პორტში რუს მეზღვაურებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წევრები, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და დეპუტატები დახვდნენ.

ხომალდი „ციკლონი“ სოხუმში 1 ოქტომბრამდე დარჩება.

მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი პირი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა, რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა შეთანხმებები დაარღვიეს.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა და ამ დრომდე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები