
ციხელაშვილის უწყება: „ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის დღიდან პრობლემის მოსაგვარებლად ყველა შესაძლო არხია ამოქმედებული“
09/12/2019 16:53:02 კონფლიქტები
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ახალგორის ოკუპირებული რაიონის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის დღიდან პრობლემის მოსაგვარებლად ყველა შესაძლო გზა და არხია ამოქმედებული.
როგორც „აქცენტს“ ციხელაშვილის უწყებაში განუცხადეს, დე ფაქტო საზღვრის საკითხი უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან ერთად სახელმწიფო მინისტრის მიერ გამართული ყველა შეხვედრისა თუ კომუნიკაციის დროს მთავარი თემაა:
„სახელმწიფო მინისტრის მიერ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გამოყენებულ იქნა თითოეული ტრიბუნა. მათ შორის, გასულ კვირაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის დროს ბრიუსელში. ეს საკითხი აუცილებლად იქნება დაყენებული ერთ-ერთ მთავარ თემად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზეც“.
ციხელაშვილის უწყებაში ცხინვალის ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ კრიზისულ ვითარებაზეც საუბრობენ:
„მოსახლეობა უკიდურესად რთულ მდგომარეობაშია. ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვა აზარალებს ათასობით ადამიანსა და ოჯახს. ეს გაუმართლებელია და ამაზე პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი არავინაა - არც ოსური და არც რუსული მხარე. ასეთივე ნაბიჯი იყო გადადგმული წლის დასაწყისშიც, როცა ე.წ. გამშვები პუნქტი ხანგრძლივი დროით ჩაკეტეს. მოსახლეობისათვის ეს განსაკუთრებით მტკივნეულია ზამთრის პერიოდში და აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილება მოსახლეობაზე მაშინაც მძიმედ აისახა“.
შეგახსნებთ, რომ ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას ახალგორის ოკუპირებულ რაიონში დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
„პარასკევს 100 დღე სრულდება რაც ადგილობრივი მოსახლეობა მძევლადაა აყვანილი. პარასკევს ვრცლად დავწერ როგორ ცხოვრობს მოსახლეობა, მანამდე კი გადავხედე შერიგების სამინისტროს გვერდს. მთელი კვირაა უცხოეთში იმყოფება შერიგების მინისტრი. კონფერენციებში მონაწილეობს და მართავს შეხვედრებს. ტექსტი ერთია- მინისტრმა ისაუბრა შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე, დაგმო, გააპროტესტა, მოითხოვა, იმედი გამოთქვა... როგორც ერთმა მეგობარმა თქვა- "ენჯეოშნიკური" როლითაა დაკავებული. მისი მოადგილეები: პირველი- მაისის თვიდან არ ჰყავს, ერთი კი ვისთვისაც სპეციალურად შეიქმნა მოადგილის შტატი ივნისის თვეში- სამსახურში ერთხელაც არ ყოფილა, ისე იღებს რამდენიმე ათას ლარ ხელფასს. მესამე მოადგილე- მუშაობს. მისი თანამშრომლები- იღებენ ათასობით ლარ დანამატს. რისთვის? ალბათ მინისტრის ლაქუცში. სხვა რამეს აუცილებლად ვიგრძნობდი მე და ათასობით ადამიანი. არის რამე კითხვები, რატომ ვართ იქ სადაც ვართ და როგორც ვართ? უუნარო დემაგოგების ხელშია კონფლიქტები. მიდის წლები და სულ უფრო მეტად გვშორდება და ვშორდებით სახელმწიფოს. შეიძლება გაუცნობიერებლადაც მოსახლეობა საერთოდ ვერ ხედავს სახელმწიფოს როლს მის მომავალში. ამაში ვინ გიშლით ან გიწყობთ ხელს, ქალბატონო მინისტრო?“, – დაწერა მეარაყიშვილმა დღეს სოციალურ ქსელში.