
ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, 13 დეკემბერს გაიმართება
09/12/2019 16:56:25 კონფლიქტები, სხვა, სამართალი
უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, 13 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა განუცხადა.
„ცხინვალის ე.წ. სასამართლოს პროგნოზირება ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგან მთელი საერთაშორისო სამართლიდან ამოვარდნილია და ყველა ეს პროცედურა უკანონოა, თუმცა ადვოკატი ჩვენთან კომუნიკაციაშია. როგორც ვიცით, ამ კვირაში სასამართლო პროცესია ჩანიშნული. სხდომა სავარაუდოდ კვირის ბოლოს, პარასკევს გაიმართება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს“,- განაცხადა დავით ასათიანმა.
ცნობისთვის: ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.