რუსული ავიაკომპანიების ლაინერებმა შესაძლოა, საქართველოში ვეღარ იფრინონ
29/09/2023 13:16:05 პოლიტიკა
რუსულ ავიაკომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფრენებისგან იმ ლაინერებით, რომლებიც სახელმწიფო სატრანსპორტო-სალიზინგო კომპანიებისგან ლიზინგით აქვთ აღებული. რუსული მედიის ცნობით, როსავიაციამ ეს რეკომენდაცია სანქციების გამო ლაინერების დაკავების რისკთან დაკავშირებით გასცა.
აღსანიშნავია, რომ მსგავს - ლიზინგით აღებულ ლაინერებზე რუსეთის ავიაგადმზიდების ფლოტის ნახევარზე მეტი მოდის, 360 ერთეული იმ "სუპერჯეტის" ჩათვლით, რომლებიც 2022 წლიდან დასავლურ სანქციებს ექვემდებარებიან. სახელმწიფო კორპორაციის უცხოეთში მოქმედი სტრუქტურები გაკოტრების პროცედურას გადიან, რის გამოც სახკორპორაციის ქონებას შესაძლოა, შესაბამისი ჯარიმები დაეკისროს.
"ინტერფაქსის" ცნობით, რეკომენდაცია, ხსენებული ლაინერებით რუსეთის ფარგლებს გარეთ ფრენა შეწყდეს, დღეიდან - 29 სექტემბრიდან ამოქმედდა. აკრძალვას ექვემდებარება თქითქმის ყველა ქვეყანა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება "მეგობრულად" და "ნეიტრალურად" მიიჩნევს, მათ შორის - ჩინეთი, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ტაილანდი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის საქართველო და სხვები. გამონაკლისს მხოლოდ ბელარუსი და თურქეთი წარმოადგენენ, სადაც, როსავიაციის აზრით, ლაინერების დაკავების რისკი მინიმალურია.
სახელმწიფო კოროპრაციის კლიენტებს შორის არიან "აეროფლოტი" და "S7" - გადაზიდვების მოცულობის კუთხით რუსეთის ორი უმსხვილესი ავიაკომპანია. S7-მა ზემოაღნიშნული რეკომენდაციის გამო უკვე დაბლოკა 3 რეისი: ირკუცკიდან ბანგკოკში, ნოვოსიბირსკიდან დუბაიში და მოსკოვიდან ურგენჩში (უზბეკეთი).


