
"მძინარე მამას თავის არეში ესროლა" – პირს ბრალი წარუდგინეს
29/09/2023 17:40:46 სამართალი
საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა კაცს ბრალდება წარუდგინა.
დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 109-ე მუხლის "ე" და "კ" ქვეპუნქტებით [განზარახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ] წარედგინა, რაც დამტკიცების შემთხევვაში, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა". - წერს პროკურატურა განცხადებაში.
უწყება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.