02-10-2023 11:36:04 პოლიტიკა
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კვლავ აკრიტიკებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაწევს, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგნი, რომელთაც რუსეთი თავს დაესხმება.
პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! ასეთ ემთხვევაში რატომ არ უნდა ახსენოთ უფრო შორეული სამიზნეები - გერმანია, შვეიცარია თუ მალტა? განა ადვილი არ არის იმის გახსენება, "ცივი ომის" დასრულების და იმ დაპირების შემდეგ, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა როგორ დაიწყო ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება",– დაწერა კარასინმა თავის ტელეგრამ–არხზე.
მისი თქმით, „აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლური დამუშავების სამი ათწლეულის მიზნები აშკარაა“:
"მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის დაშინება!”.
მანამდე კარასინმა სალომე ზურაბიშვილს „უცნაური პოლიტიკოსი“ უწოდა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა "ვაშინგტონში მკაცრი მითითებები მიიღო“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა „ავლენს პასუხისმგებლიან მიდგომას“, მანამდე ზურაბიშვილზე თქვა: „მადლობა ღმერთს, ის არ განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების გზას“.