ირაკლი კობახიძე განმარტავს, როდის იქნება დაშვებული კარვების გაშლა შეკრების დროს
02/10/2023 09:00:54 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის".
„ეს კანონპროექტი, თავიდან ბოლომდე, მომზადდა საერთაშორისო სტანდარტების, პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის, თეორიის გათვალისწინებით და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად არის თანხვედრაში. ასევე მოისმინეთ, სუს-ის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის იარაღის შესანახად, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების შესანახად და ა.შ. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც, ბუნებრივია, რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღება, რომელიც არის დაინფიცირებული და პარლამენტი ამ კანონპროექტს სამი მოსმენით მიმდინარე კვირაში მიიღებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ეშინია, თუ არა „ქართულ ოცნებას“.
„პირდაპირი ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ რევოლუციური პროცესები, რომლებზეც დეტალური ინფორმაცია დღესაც მოვისმინეთ, იგეგმება სწორედ ოქტომბრიდან, ნოემბერ -დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე დაჩქარებას, რა თქმა უნდა, თავისი ლოგიკური საფუძველი აქვს. ბუნებრივია, ოპოზიცია სუსტია, მაგრამ ამ სისუსტის პირობებში პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, მატულობს. დღევანდელი არჩევნების შედეგებიც ამის დასტურია [შუალედური და რიგგარეშე არჩევნები]. ოპოზიციამ ვერ გაბედა არჩევნებში მონაწილეობა, აბსოლუტურად დაცემულია მათი რეიტინგი, არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში შეიძლება წავიდნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე, სწორედ სისუსტის გამო. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ეს კანონპროექტიც ზუსტად ამას ემსახურება“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამავე თემაზე: "ქართულ ოცნებას" მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები შეაქვს.


