
რუსული მედია: მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი "პრეზიდენტი" სტეფანაკერტში რჩება
02/10/2023 14:23:53 კავკასია
მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი "პრეზიდენტი" სტეფანაკერტში: არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი და არაიკ არუთუნიანი რჩება და აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს,– იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე ყარაბაღის საინფორმაციო ცენტრმა განაცხადა, რომ სამველ შაჰრამანიანი, რომელმაც „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ არსებობის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი, პასუხისმგებელი პირების ჯგუფთან ერთად დარჩება სტეფანაკერტში „19-20 სექტემბერს განხორციელებული საომარი მოქმედებებისა და 25 სექტემბრის აფეთქების შედეგად დაღუპულების ცხედრებისა და დაკარგულების ძიების დასრულებამდე“.
მანამდე სომხური წყაროები იუწყებოდნენ, რომ "პრეზიდენტები" 1 ოქტომბერს გადავიდნენ სომხეთში.
1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ერევანში იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის ყოფილი „სახელმწიფო მინისტრი" არტაკ ბეგლარიანი. მანამდე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააკავა ყოფილი „სახელმწიფო მინისტრი“, ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა „მინისტრი“ დავით ბაბაიანი, მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები ლევონ მნაცაკანიანი და დავით მანუკიანი. ბაქომ განაცხადა, რომ ყოფილი „პრეზიდენტი“ არაიკ არუთუნიანი, შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ჯალალ არუთუნიანი და 300-ზე მეტი „სომეხი სეპარატისტი“ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან.
ამ დროისთვის არსებული ცნობებით, მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტმა მკვიდრმა დატოვა რეგიონი. ერევნის მონაცემებით, წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა.