აქუბარდია – „ქართულ ოცნებას“: ტრენინგები და საბურავებიც ხომ არ ავკრძალოთ?!
02/10/2023 14:39:44 პოლიტიკა
„ხომ არ ავკრძალოთ ტრენინგები, საბურავები, რომ რეჟიმი ბოლომდე დაცული იყოს?!“ – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დარეგისტრირდა. ამ ცვლილებებით კანონში რეგულაციები მკაცრდება. ინიციატორებს არგუმენტად მოჰყავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბერს განცხადება, რომ ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.
თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე იკითხა, რამდენად ლოგიკურია, რომ განცხადებაა კანონის გამკაცრების საფუძველი და არა გამოძიების შედეგი:
„იქნებ თქვენ იცოდეთ, დასრულდა თუ არა გამოძიება და დადგენილია თუ არა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ქვეყნის შიგნით გადატრიალებას გეგმავს, ან სუს-ის ე.წ. კრებსების გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხი. 2014 წელსაც მახსოვს დაანონსებული „საბურავების რევოლუცია“ იმდროინდელი შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რომელსაც გამოძიების შედეგები არ ჰქონია.
სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს ამ თემაზე სერიოზულად საუბარი, იმდენად ალოგიკურია ეს ყველაფერი, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრი, შეიძლება დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის თაობაზე განცხადება გახდეს საფუძველი იმ მოცემულობაში, როდესაც ეს ყველაფერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ძირს უთხრის“.
თეონა აქუბარდიას პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა, როცა ადამიანი, რომელიც „უსაფრთხოების ექსპერტად პოზიციონირებს“, საკითხს ასე არასერიოზულად უყურებს.
„ასეთი გამოთქმა არსებობს, თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს. თქვენ დღეს ნახეთ კადრები და თუ არ გინდათ, ვერაფერს დაინახავთ. თქვენი უსაფრთხოების ექსპერტული პატრიოტული გადმოსახედიდან თქვენ ვერაფერს ხედავთ საეჭვოს? თქვენ თუ არ გინდათ, რიყეზე ისე გახვალთ, ქვას ვერ დაინახავთ“, – უპასუხა პაპუაშვილმა აქუბარდიას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამის შესახებ 2 ოქტომბერს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.
იხილეთ ასევე: საია – სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით გრძელდება


