პრეზიდენტი: ჩემი სრული ნდობა საკონსტიტუციოში ჩემს წარმომადგენლებს თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს
03/10/2023 06:11:00 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.
"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს," - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით დღეს 12:00 საათზე გაიმართება.
თამარ ჩუგოშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია, ხოლო მაია კოპალეიშვილი სხვადასხვა წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო. ის ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


