Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას "შემაშფოთებელს" უწოდებს

ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას "შემაშფოთებელს" უწოდებს

03/10/2023 07:01:40 პოლიტიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება შემაშფოთებელია.

„გუშინ წავიკითხე საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. იმის მაგივრად, გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისაგან, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციის მომზადებისგან, აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება ვნახეთ, რაც შემაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არა რევოლუცია, ის უბედურება, რაც მაგალითად, რევოლუციამ მოუტანა იგივე ჩვენს მეგობარ ქვეყანა უკრაინას. ეს არ უნდა საზოგადოებას და საზოგადოების მოლოდინია, ამ შემთხვევაში, საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია. პოზიცია, რომ მათი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ მოხდება რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, თუმცა გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა თქვა საელჩომ

"ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს", - ასე გამოეხმაურა 2 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სუს–ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, USAID-ს პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

საელჩოს განცხადების ტექსტი სრულად:

„ჩვენი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. USAID საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს. როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება ჰქონდეს.

მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ის ღირებულებაა, რომელსაც ჩვენ, ორივე ქვეყანა ვიზიარებთ. ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

მიუხედავად დაუსაბუთებელი თავდასხმებისა, კვლავაც მხარს დავუჭერთ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან ხალხს, დაიცვან მათ მიერ განსაზღვრული და დამსახურებული მომავალი და მათთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები".

ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.

„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S