Accentnews.ge
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება

03/10/2023 07:57:05 პოლიტიკა, სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა არ გამორიცხავს, რომ სასამართლომ განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე პრეზიდენტის გამოცხადება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოცხადდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, როგორც ინფორმაცია მოვისმინეთ ტელევიზიებით, ის ნდობას უცხადებს თავის ორ წარმომადგენელს, რა თქმა უნდა, შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტი წარმოდგენილი იყოს წარმომადგენლების მეშვეობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეგვიშლის სრულყოფილი გადაწყვეტილების განხილვაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადებით პრეზიდენტი შეძლებდა ჩვენთან იმ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარს, რომელსაც ის უშუალოდ აწარმოებდა, მხედველობაში მაქვს ვიზიტები. კარგი იურისტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდებიან, რა თქმა უნდა, ისინი სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენ კანონიდან გამომდინარე ვიხილავთ არა მარტო სამართლებრივ საკითხებს, არამედ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვიზიტებს, პრეზიდენტის საქმიანობას, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე, საკითხები და შინაარსი იმ ვიზიტებისა, რომელიც გაიმართა რამდენიმე ქვეყანაში არის სწორედ ის გარემოებები, რომელზეც სრულყოფილი ინფორმაცია აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ სხდომაზე, წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინონ პრეზიდენტი და ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია განჩინებით დაადგინოს ხვალინდელ სხდომაზე მისი [პრეზიდენტის] გამოცხადება.

შეიძლება პრეზიდენტმა თქვას, რომ მე არ ვესწრები სხდომას, მაგრამ, თუ სასამართლო მიიღო განჩინება პრეზიდენტის გამოცხადების შესახებ სასამართლოში, ამ შემთხვევაში, ის უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, უნდა მოვიდეს სასამართლოში, ეს არის ის, რასაც ჰქვია ნების საწინააღმდეგოდ და არა იძულებითი მექანიზმების განხორციელება. შესაბამისად, მე არ ვიცი და მარტო მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, ეს არის კოლეგიალური ორგანო, 9 მოსამართლისგან შედგება. გასაგებია, რომ იურისტები არიან კვალიფიციურები, გასაგებია, მათ ექნებათ სამართლებრივ საკითხებზე კითხვებზე პასუხები, მაგრამ რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს კონკრეტულად ვიზიტების შინაარსს და იქ განხილულ საკითხებს და სხვა ისეთ გარემოებებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტმა შეიძლება იცოდეს ამ კითხვებზე ვფიქრობ, რომ ისინი სრულყოფილ პასუხს სავარაუდოდ, ვერ გაგვცემენ“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული. პრეზიდენტი განხილვას არ დაესწრება. მას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.
  • მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S