ოპოზიცია: მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს
03/10/2023 09:22:58 პოლიტიკა
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვას ეხმიანება და აცხადებს, რომ "მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს".
„ევროოპტიმისტების“ წევრი დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ "იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადოს ირაკლი ღარიბაშვილს, ვინაიდან მან დაარღვია კონსტიტუცია და აუკრძალა ზურაბიშვილს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების შესრულება, სამეცნიერო თეორიულ საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციებზე წასვლაც აუკრძალა, მაგალითად, პოლონეთში".
"ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი იძულებული იყო განეხორციელებინა საკუთარი ხარჯებით ეს ვიზიტები, რომელიც იყო ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოსამართლე, რომელიც დაადასტურებს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს, ხელს მოაწერს ქვეყნის წინაშე ღალატს. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოსამართლეები არიან პარტიულად დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“, მათ შორის ერთ-ერთი ჩემთან ერთად ამ პარლამენტში იჯდა ვიცე-სპიკერის სავარძელში. გახსოვთ, ალბათ, გამონათქვამი „იქნებ დედა შეაგინა“. შეიძლება დღესაც თქვას - „იქნებ დედა შეაგინა და ღარიბაშვილი გაბრაზდა და ამიტომ არ უშვებს“. გვახსოვს, ვინ როგორ ინიშნებოდა, მაგრამ მათ უნდა ახსოვდეთ, რომ განუსაზღვრელი ვადით არიან დანიშნულები, ვერავინ გაათავისუფლებს მათ და თავად უნდა გათავისუფლდნენ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გავლენისგან, თორემ ხელს არავინ ჩამოართმევს, ისიც გაიხსენონ, აშშ-მა როგორ დაუწესა მათ კოლეგებს სანქცია,“ - განაცხადა გოცირიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის დავით კირკიტაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყების მიზანი ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლაა.
„ქართული ოცნების” მხრიდან მიზანი ამ მავნებლური პროცესის წამოწყებისა არის ორი: პირველი ის, რომ უნდათ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და მეორე ის, რომ ყურადღება გადაიტანონ იმ რეალური პრობლემებიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს. ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. ეს პროცედურა დაწყებულია არასწორი მოტივაციით არასწორ დროს და ჩვენ ამ პროცესში ჩართვას არ ვაპირებთ, არც დარბაზში ყოფნას ვაპირებთ და არც ამ საკითხის განხილვას რაიმე სახით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის “ქართული ოცნების” დღის წესრიგი, რომელიც გვაშორებს რეალურ პრობლემებს და რეალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
„ლელოს“ გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ხელი შეუშალოს ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირის მუშაობას ევროინტეგრაციის სასარგებლოდ.
„საკონსტიტუციო სასამართლოში კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ მიზანი ნათელია, ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირის მუშაობას ევროინტეგრაციის სასარგებლოდ, ხელი შეუშალოს“, - ირაკლი კუპრაძე.
როგორც „ლელო“ აცხადებს, ის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც იმპიჩმენტის პროცესში ოფიციალურად არის ჩართული და სასამართლოს მეგობრის სტატუსით მონაწილეობს.
პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე წარმოადგენენ
პარტიის ინფორმაციით, „ლელომ", "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით, ვრცელი სამართლებრივი დასკვნა წარუდგინა საკონსტიტუციო სასამართლოს და დასკვნაში სამართლებრივად და დეტალურადაა დასაბუთებული, რატომ არ არსებობს იმპიჩმენტის სამართლებრივი საფუძველი.
- საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პრეზიდენტი განხილვას არ ესწრება. მას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.
საპარლამენტო უმრავლესობას სხდომაზე წარმოადგენს "ქართული ოცნების" ოთხი წევრი დეპუტატი: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


