Accentnews.ge
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა: პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა: პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა ეს მიზანშეწონილად

03/10/2023 09:00:55 ციტატა

"სანამ სიტყვას გადავცემთ წარდგინების ავტორებს და პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მინდა, ვიკითხო, საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენლები, მოგავლინათ ამ შემთხვევაში. თქვენ მხოლოდ სამართლებრივ მხარეს წარმოადგენთ იმპიჩმენტთან დაკავშირებით თუ შეხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გარკვეული ხართ იმ ფაქტობრივ გარემოებებში, რომელიც საფუძვლად უდევს ამ წარდგინების ტექსტს? იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო. [...] ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ჩვენს პრეზიდენტს გადაადგილება არ უჭირს, რომ თვითონ შეეძლო მოსულიყო, მაგრამ არ ჩათვალა მიზანშეწონილად", – ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ პრეზიდენტის წარმომადგენლებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას.

ცნობისთვის: საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პრეზიდენტი განხილვას არ ესწრება. მას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

საპარლამენტო უმრავლესობას სხდომაზე წარმოადგენს "ქართული ოცნების" ოთხი წევრი დეპუტატი: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S