
ჩუგოშვილი: მთავრობამ პრეზიდენტს უარი განუცხადა, მათ შორის შვეიცარიაში ფიროსმანის გამოფენაზე დასწრებაზე
03/10/2023 11:36:58 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს საკონსტოტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა სალომე ზურაბიშვილს უარს ეუბნებოდა, მათ შორის კულტურული სახის ღინისძიებებზე დასწრებაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტმა უარი მიიღო ბაზელში ფიროსმანის გამოფენაში დასწრებაზე.
„მას ასევე უარი უთხრა მთავრობამ ისეთი ცერემონიული ტიპის ვიზიტებზე, როგორიც არის ბაზელში, შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის გამოფენა. ეს გამოფენა სხვათა შორის პრეზიდენტის ძალისხმევით შედგა და მისი წინა ვიზიტის დამსახურებაა", – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
16 სექტემბერს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, Fondation Beyeler-ის გალერეაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ფიროსმანის გამოფენა Fondation Beyeler-ისა და ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (Humlebæk) ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, პირველი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
პრეზიდენტი განხილვას არ ესწრება. მას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.
საპარლამენტო უმრავლესობას სხდომაზე წარმოადგენს "ქართული ოცნების" ოთხი წევრი დეპუტატი: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.