
TI - 11-დან 3 მინისტრს საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა არასრულად აქვს განსაჯაროებული
10/12/2019 08:20:48 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) განცხადებით, საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით 11 მინისტრისა და მათი 53 მოადგილის სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლა. შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მათი ნაწილი არღვევს კანონს, რომელიც ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას ეხება.
ორრგანიზაციის ცნობით, 11-დან 3 მინისტრს: მაია ცქიტიშვილს, ეკატერინე ტიკარაძესა და ლევან დავითაშვილს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.
ორგანიზაციის ცნობით, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეებიდან:
- 18 შემთხვევაში თანამდებობის პირს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა – მათ შორის 3 მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
- 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი.
- 4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.
- 3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.
- 1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.
“ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს – უდასტურდება კომერციული ინტერესი (მას და/ან მის ოჯახის წევრს). შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას (29-დან 22-ს), ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას.
კვლევის შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესინტერესის მქონე მინისტრები და მათი მოადგილეები სერიოზულად არ ეკიდებიან ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და სამეწარმეო საქმიანობის სრულად გამჟღავნების ვალდებულებას; ხოლო, მეორე მხრივ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები, როგორც კანონმდებლობა ისე პრაქტიკა, ვერ უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სრულ ანგარიშვალდებულებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის ბიურომ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს დეკლარაციების სისტემის გაუმჯობესებაზე, არსებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, რათა თანამდებობის პირებმა ვერ შეძლონ ასე მარტივად დაარღვიონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი დეკლარირების ვალდებულება.