სააკაშვილი: ზურაბიშვილს ჯერ–ჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება
03/10/2023 15:35:12 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ეხმიანება.
„ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე. სალომე ზურაბიშვილს ჯერ-ჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება", - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს 12:00 საათიდან მიმდინარეობდა.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.
თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.
წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას 4 ოქტომბერს გააგრძელებს.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.


