
ზურაბიშვილი კოპალეიშვილსა და ჩუგოშვილს მადლობას უხდის: მათ გაუძლეს ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შეურაცხყოფას და აბსურდული ბრალდებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი
03/10/2023 16:04:14 პოლიტიკა, სამართალი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იურისტებს თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს მადლობას უხდის.
"მადლობა ჩემს წარმოამდგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი", – აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს 12:00 საათიდან მიმდინარეობდა.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.
თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.
წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას 4 ოქტომბერს გააგრძელებს.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.