თეონა აქუბარდია: „ქართული ოცნება“ აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და რუსულ გავლენას საქართველოში
04/10/2023 07:26:49 პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ აძლიერებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და რუსულ გავლენას საქართველოში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და სტრატეგიულ პარტნიორთან დაპირისპირება ქვეყანას ასუსტებს.
„ქართული ოცნება“ ანტიამერიკული კამპანიით კიდევ უფრო აძლიერებს რუსულ გავლენას საქართველოში, სუს-ის ეს ე.წ. განცხადებაც სწორედ ამ მიზანს ისახავს, რაც ასუსტებს ქვეყანას და ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების შენარჩუნების თამაშები. „ქართული ოცნება“ ღიად ჩაერთო ანტიდასავლურ პროპაგანდაში და ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომ შექმნან შიშები ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი, გააძლიერონ დაპირისპირება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, რაც ასუსტებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”,- განაცხადა აქუბარდიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ USAID-ის შესახებ ბრალდებები მცდარია.


