
ალიევი ფაშინიანთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს
04/10/2023 10:01:02 კავკასია
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი თქვა. მოლაპარაკებები დასავლეთის შუამავლობით 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
Trend-ის ცნობით, ალიევი ესპანეთს არ ეწვევა. მიზეზად სახელდება „საფრანგეთის დესტრუქციული პოზიცია, ასევე უთანხმოება პარიზსა და ბერლინს შორის შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით“.
„ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი თქვა მოლაპარაკებაზე“, - წერს გამოცემა.
ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის მოლაპარაკებები საფრანგეთის, გერმანიისა და ევროსაბჭოს ლიდერების მონაწილეობით უნდა გამართულიყო. ერევანმა და ბაქომ იმედი გამოთქვეს, რომ ვითარება ძალიან ახლოს იყო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებასთან.
ბოლოს ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ წინადადებები აგვისტოში გაცვალეს. რამდენჯერმე რედაქტირებული დოკუმენტის დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.