Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ გამოუცხადა "ოცნებამ" 2018 წელს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ გამოუცხადა "ოცნებამ" 2018 წელს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს

04/10/2023 10:22:31 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ გამოუცხადა მმართველმა პარტიამ 2018 წელს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

„2018 წელს როდესაც ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, კონკრეტული კრიტეტიუმების გათვალისწინებით გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და კრიტერიუმი რა იყო: ჩვენ რომ გვქონოდა რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერის პოზიციაზე. ეს არის პრემიერის პრეროგატივა. მას მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი. კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი – იგი იყო დიასპორის წარმომადგენელი, შთამომავალი დიდი წინაპრების, რომ მას ჰქონდა ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება, ქალბატონი, ჩვენი ისტორიული ტრადიცია და ა.შ.

პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში გაწერილი მანდატის გათვალისწინებით და დღეს პრეზიდენტი ცდილობს, ამ მანდატს გასცდეს", – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: მეორე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებას იხილავს.

თავად პრეზიდენტი გუშინდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S