
"ქართული ოცნება" კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა
10/12/2019 10:14:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა და "ქართული ოცნება" კიდევ ერთმა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია, ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ქვეყნისა და ერის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობისთვის.
სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. ყველას, ვისაც ეკლესიაში შფოთის შეტანა და პატრიარქის საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოცილება სურს, მინდა გაგაფრთხილოთ, არ მოგატყუოთ პატრიარქის ასაკმა და მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ. მის წაქცევას ვერავინ შეძლებთ, რადგან უფალი მეფობს.
სადღეგრძელოებში გამოხატული ღვთის სიყვარული და პატრიარქის პატივისცემა, დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ხელში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა. სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობაა. აქვე მინდა გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისთვის მადლობა გადავუხადო. ვინ რა გააკეთა, ამას ისტორია განსჯის.
მინდა, მივმართო უმრავლესობის ლიდერებს - ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებებით და სხვადასხვა საკითხებზე ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა. ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას. ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად,“ - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.
მოგვიანებით მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ბევრმა მიზეზმა განაპირობა, მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხმაც.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არ ჰქონია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდთან.
„საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს", - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატების მიზეზით პარლამენტში პროპორციული სისტემის შესახებ პროექტი ჩავარდა, მმართველი გუნდი 13-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის იყვნენ სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეები. პარალელურად ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს მოთხოვნით, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით.