წულუკიანს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს
04/10/2023 14:42:06 პოლიტიკა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს. საუბარია კობა ხუბუნაიაზე. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოადგილედ დაინიშნა ნიკოლოზ აზნაურაშვილი. ის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილის რანგში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს.
რაც შეეხება კობა ხუბუნაიას, 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას.
„მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება",– ამტკიცებენ კულტურის სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ ამ "გაჯანსაღების" პროცესს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა კინემატოგრაფისტების მხრიდან და ეს პროტესტი ამ დრომდე გრძელდება.
სამინისტროს ცნობით, კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია.
2001-2004 წლებში საქართველოს კონტროლის პალატაში იყო საფინანსო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი.
2004-2007 წლებში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იყო საფინანსო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი.
2007-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, სადაც იყო საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, მოგვიანებით კი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი.
2014-2017 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსების, სტატისტიკისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი.
2017-2019 წლებში იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსი.
2019-2021 წლებში მუშაობდა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, სადაც იყო სააგენტოს უფროსის მოადგილე.
"მინისტრის მოადგილის რანგში, კობა ხუბუნაიას საკურატორო სფეროში, სხვებს შორის, იქნება სამინისტროს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა. ის ასევე გააგრძელებს კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებას”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


