
ზელენსკიმ და ალიევმა სატელეფონო მოლაპარაკება გამართეს
04/10/2023 15:43:02 კავკასია, მსოფლიო
უკრაინის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ილჰამ ალიევმა დღეს, 4 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართეს,– ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა თავის ტელეგრამ–არხზე დაწერა.
აღნიშნულია, რომ მან მადლობა გადაუხადა ალიევს იმ "მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელსაც აზერბაიჯანი უკრაინას უწევს, განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში, ზამთრის მოახლოებასთან ერთად".
"ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ლიდერებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოება, არსებული გამოწვევები და ურთიერთქმედების ფორმატები.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან ბაქომ კიევს მიაწოდა ათას ტონაზე მეტი მედიკამენტი, სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა სახის ჰუმანიტარული დახმარება, საერთო ჯამში $17 მილიონის ღირებულების.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანი ერთ-ერთი ლიდერია ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, რაც უკრაინის ენერგეტიკული სისტემის აღდგენას ეხება რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ.
მათ შორის, აზერბაიჯანმა უკრაინას გადასცა 45 ელექტროტრანსფორმატორი და 50 გენერატორი. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუცხადა. მათ შორის, საუბარი იყო გამნაღმველ ტექნიკაზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021