
რუსმა დეპუტატებმა სიმონიანს ციმბირის თავზე ატომური ბომბის აფეთქების ინიციატივის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს
04/10/2023 15:49:03 მსოფლიო
რუსმა დეპუტატებმა კრემლის პროპაგანდისტს, RT-ს მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანს ციმბირის თავზე ატომური ბომბის აფეთქების ინიციატივის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.
"მარგარიტა, თქვენი გამონათქვამი იმის შესახებ, რომ პრინციპში, ციმბირის თავზე თერმობირთვული ბომბის აფეთქების შესაძლებლობას განიხილავთ იმ მიზნით, რომ თქვენი შვილები არ კომპლექსდებოდნენ სკოლაში თანატოლების წინაშე გაჯეტების არქონის გამო, ჩვენ, ციმბირელები, ღრმა შეურაცხყოფად აღვიქვით. ჩვენი რეგიონის მოსახლეობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი დიდ სამამულო ომში გამარჯვებაში. ამდენად, თქვენ, სულ მცირე, ბოდიში უნდა მოიხადპთ ციმბირის მაცხოვრებლების წინაშე! დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე განიცდიან აფეთქებების შედეგებს სემიპალატინსკის პოლიგონზე, სადაც 1949-1989 წლებში 460-ზე მეტი ბირთვული გამოცდა ჩატარდა" - ნათქვამია ციმბირელი დეპუტატების მიმართვაში.
სიმონიანის გამონათქვამს ნოვოსიბირსკის მერი, განათლებით ფიზიკოსი ანატოლი ლოპოტიც გამოეხმაურა.
"მსგავსი აფეთქება გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს, რომელთა თმენა ადამიანებს ათასწლეულების განმავლობაში მოუწევთ. ამდენად, ყველას მოვუწოდებ, სახმელეთო თერმობირთვულ გამოცდებს სათანადო სიფრთხილით მოეკიდოს" - დაწერა სოციალურ ქსელში ლოპოტმა.
ცნბისთვის: რუსეთის პროპაგანდისტული მედიარესურსების – ტელეარხ "Russia Today-სა და სააგენტო „Russia Today“-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი თავის საავტორო გადაცემაში ბირთვული აფეთქების რუსეთისვე ტერიტორიაზე, როგორც მან თქვა, "სადღაც ციმბირის თავზე", განხორციელების წინადადებით გამოვიდა. ამ გზით, სიმონიანის ხედვით, "კოლექტიური დასავლეთი" დაისჯება, რომელთანაც, კრემლის პროპაგანდისტის განცხადებით, რუსეთი ომში იმყოფება.