
რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ყარაბაღის საკითხზე შეხვედრა გამართეს
04/10/2023 16:08:44 კავკასია
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის, შეერთებული შტატების და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა,– ამის შესახებ Politico მოლაპარაკებების მცოდნე დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება.
მისი თქმით, შეხვედრა 17 სექტემბერს სტამბოლში შედგა.
როგორც გამოცემის წყაროს აღნიშნავს, მოლაპარაკების მთავარი თემა იყო აზერბაიჯანზე ზეწოლა, რათა შეეწყვიტა ლაჩინის დერეფნის ბლოკირება და ყარაბაღში შეეშვა საწვავითა და საკვებით დატვირთული ჰუმანიტარული კოლონა.
შეხვედრაზე რუსეთს წარმოადგენდა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საკითხებში იგორ ხოვაევი, აშშ-ის – ვაშინგტონის უფროსი მრჩეველი კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში ლუი ბონო, ხოლო ევროკავშირს – რეგიონში თავისი წარმომადგენელი ტოივო კლაარი.
გამოცემა შეხვედრას უწოდებს მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უსაფრთხოების თემაზე მაღალი დონის იშვიათ კონტაქტს - რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ასეთი კავშირები დაირღვა. მარტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ ერთმანეთს ინდოეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში. მოსკოვმა მაშინ თქვა, რომ დიპლომატებმა ისაუბრეს, როცა გადაადგილდებოდნენ და მოლაპარაკებები არ ყოფილა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა Politico-სთან საუბარში რუსულ მხარესთან კონტაქტზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია კრემლის შესაბამის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის არხების შენარჩუნება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაუგებრობები.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო კერძო დიპლომატიური დისკუსია. ამასთან, ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავაც აკონტროლებს სიტუაციას ყარაბაღში, ამიტომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს რუსულ მხარესთან მუშაობის შესაძლებლობა.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, Politico-ს პუბლიკაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ იყო კონტაქტები ყარაბაღთან დაკავშირებით. ამასთან, პესკოვის თქმით, სტატია შეიცავს ბევრ უზუსტობას და მასში არ არის საუბარი რეალურად ჩატარებულ მოლაპარაკებებზე.