
დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს შსს-ს საფრენი აპარატით "საზღვრის" დარღვევაში ადანაშაულებს
10/12/2019 08:18:12 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, 7-9 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააგრძელა თავისი პოზიციების გამაგრება ზნაურის რაიონის სოფელ წნელისთან.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უპილოტო საფრენი აპარატების და კვადროკოპტერების გამოყენებით რეგულარულად ახორციელებს ტერიტორიის დაზვერვას. 7 დეკემბერს უპილოტო საფრენმა აპარატმა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია სოფელ კოდიდან სოფელ ლოპანის მიმართულებით. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მიუთითებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მსგავსი ქმედებების დაუშვებლობაზე და ყველა დაინტერესებული მხარის ყურადღებას მიაპყრობს 8 დეკემბერს, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის ქვედანაყოფების მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალების კვადროკოპტერის განადგურების ფაქტზე", - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი ქართული საპოლიციო პოლიციის საგუშაგოს აღებას მიმდინარე მოითხოვს. თბილისის უარის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა ჩორჩანასთან მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ცხინვალმა დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტა. დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის ჩაკეტვამ ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ვითარების დეესკალაციის მიზნით ბოლო თვეებში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართა შვიდი ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.