
„კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი მელაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
05/10/2023 09:03:39 სამართალი
„კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი მელაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე მას გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერა მოსთხოვეს, რასაც ხელი არ მოაწერა.
„გაუთქმელობაზე ხელი არ მომიწერია, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი აქვთ და გამაფრთხილეს, მიუხედავად იმისა, რომ მოვაწერ, თუ არა ხელს, ეს მაინც დაცულია სახელმწიფოებრივად და ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა. მე რაც შემიძლია, გითხრათ, არის ის, რომ ჩემთვის ასეთი ტიპის პროცესი, ასეთი ტიპის კითხვები იყო შეურაცხმყოფელი და საერთოდ, დაბარება ასეთ საქმეზე. მე რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ საჯაროდ. ნებისმიერი მოძრაობა და ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც შეეცდება, რომ ჩემი ეს მოქმედება წარმოუდგინოს სახელმწიფოს, როგორც ან ღალატი, ან რაიმე სხვა ბოროტება, ჩემთვის იქნება შეურაცხმყოფელი. ადვოკატებთან ერთად გავივლი კონსულტაციას, რომ მოვიფიქროთ რაღაც პროცესი, რის ფარგლებშიც სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა მოვითხოვოთ. ჩემთვის საერთოდ მიუღებელია, რომ ამ ყველაფერს სასამართლოში ვლაპარაკობ, თორემ ისე, სიამოვნებით, ამ თემებზე ყველა დაინტერესებულს ვესაუბრები სასამართლოს მიღმა. ეს ჩემი სარჩელი უნდა იყოს“, - განაცხადა გიორგი მელაძემ.
მისი თქმით, ვერ ისაუბრებს, თუ რა კითხვები ჰქონდათ გამომძიებლებს დაკითხვისას.
„მე დამრჩა განცდა, რომ მომაყენეს დიდი შეურაცხყოფა ამ ყველაფრით და ამას შევეცდები სამართლებრივი პასუხი მოვუძებნო“, - განაცხადა მელაძემ.
სუს–ის ცნობით, ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც გადამზადდა ჯგუფი, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა ხელისუფლების დამხობის პროცესში.
სუს–ის განცხადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და აღნიშნა, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.
ამავე თემაზე: რა თემებს მოიცავდა USAID-ის სასწავლო კურსი, რომელსაც სუს–ი "არეულობისთვის მზადებას" უკავშირებს.
„არეულობის გეგმის ავტორებად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა 18 სექტემბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის – საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. მათ სუს– ის განცხადებას „იდიოტობა“ და „სრული ბოდვა“ უწოდეს.