ხატია დეკანოიძე - "ქართულ ოცნებას": მერწმუნეთ, ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება
05/10/2023 09:26:15 პოლიტიკა
"მერწმუნეთ, ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება", - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.
მან აღნიშნა, რომ არადემოკრატიულ ხელისუფლებას მანიფესტაციების შიში ყოველთვის აქვს.
"ყველა ქვეყანაში ასე იყო, უკრაინაში, მოლდოვაშიც, კანონებს იღებდნენ, წერდნენ, რაღაც კონსტრუქციებზე, კარვებზეც იყო საუბარი, მაგრამ არადემოკრატიულ ხელისუფლებას არაფერმა უშველა. ერთი შემთხვევა მინდა გითხრათ, კონსტრუქციებზე კი არა, საქართველოს ტერიტორიაზე, პარლამენტის წინ რუსეთის მოქალაქე დგას დღეების განმავლობაში, რომელსაც გაურკვეველია, რა უდევს ჩანთაში. სანამ პოლიციას არ გამოიძახებ, შიგნით შემოდის შენობაში. ამ დროს, თქვენ გეშინიათ ადამიანების, რომელმაც ხელში ბანერი შეიძლება დაიჭიროს. თქვენი მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ამ კანონში რაღაცას ჩაწერთ, ეს კანონები ხშირ შემთხვევაში არაფერი არის. ბევრი ხალხი რომ დადგება გარეთ, მერწმუნეთ, იმ 5 000-ლარიანი ჯარიმის არავის შეეშინდება. თქვენი მთავარი პრობლემა არის ზუსტად ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც მოდიხართ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ნებისმიერი გამოხატვის თავისუფლების ეშინიათ. არადემოკრატიულ ხელისუფლებებს ეშინიათ ადამიანების, რომლებიც შეიძლება ბანერით ხელში იყვნენ, შეიძლება ეს ადამიანიც დააპატიმროთ. კარგად იცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, ამ კანონს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. თქვენთვის მთავარია ერთი რამ, იყოთ კომფორტში და ეს კომფორტი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ კანონში რას ჩაწერთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის: 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა პროექტის წინააღმდეგ პარლამენტის 23-მა წევრმა მისცა.
კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს.
"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.
აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.


