პაატა მანჯგალაძე – საპარლამენტო უმრავლესობას: შეშისა და კონსერვის ქილის მიტანაც აკრძალეთ აქციაზე, მერე ყველა მხრიდან ალყა დაარტყით და წყალიც გადაუკეტეთ ხალხს
05/10/2023 09:28:09 პოლიტიკა
შეშაც აკრძალეთ, ჩაწერეთ კანონში, რომ შეშის შეტანაც აკრძალულია. აკრძალეთ კონსერვის ქილა, შიათ ადამიანებს - ხოლმე აქციაზე. დაწერეთ, რომ კონსერვის ქილის შეტანა არის აკრძალული. მერე ჩაკეტეთ შემოსავლელები, ყველა მხრიდან ალყა დაარტყით და გადაუკეტეთ წყალი ხალხს, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.
მან დეპუტატებს 1988 წელს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ მიღებული მსგავსი რეგულაცია შეახსენა:
"მინდა, გაგახსენოთ, რომ 1988 წელსაც იმდროინდელ უზენაეს საბჭოს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ მიღებული აქვს მსგავსი რეგულაცია, მაგრამ ვერ უშველა იმ დროს ამ რეგულაციამ. თუ ბოლომდე ამბობთ და მიზანი არის, რომ სიცივეში ადამიანი არ დარჩეს მუდმივი პროტესტის პირობებში, ეს არის სინამდვილეში მიზანი, რომ მუდმივი პროტესტის პირობებში ადამიანი არ იყოს კარავში, გაიყინოს გარეთ. მაშინ შეშაც აკრძალეთ, ჩაწერეთ შიგნით, რომ შეშის შეტანაც აკრძალულია. აკრძალეთ კონსერვის ქილა, შიათ ადამიანებს- ხოლმე აქციაზე. დაწერეთ, რომ კონსერვის ქილის შეტანა არის აკრძალული. მერე ჩაკეტეთ შემოსავლელები, ყველა მხრიდან ალყა დაარტყით და გადაუკეტეთ წყალი ხალხს. ეს რეგულაცია შემოგაქვთ თქვენ. ეს მუხლი ნიშნავს ამას. ვინ უნდა განმარტოს კონსტრუქცია რა არის? პოლიციელი განსაზღვრავს რას ჩათვლის კონსტრუქციად? მანამდეც მიგქონდათ, ჩანაწერი არ გქონდათ ისე იტაცებდით კარვებს. ჩვენი კარავი გაქვთ წაღებული, საიდანაც სამედიცინო საშუალებების დარიგება ხდებოდა მიტინგზე დაშავებული ადამიანებისთვის. პოლიციელი გააკეთებს დისკრეციას, რა მოეჩვენება დროებით კონსტრუქციად?!“.
ცნობისთვის: 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა პროექტის წინააღმდეგ პარლამენტის 23-მა წევრმა მისცა.
კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სამივე მოსმენით მის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში აპირებს.
"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.
აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.


