საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპურებულ აფხაზეთში რუსული ფლოტის ბაზის განთავსების თაობაზე გეგმას "მორიგ პროვოკაციულ მცდელობას" უწოდებს

05-10-2023 14:15:25 კონფლიქტები ,პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპურებულ აფხაზეთში რუსული ფლოტის ბაზის განთავსების თაობაზე გეგმას "მორიგ პროვოკაციულ მცდელობას" უწოდებს.

საგარეო უწყება რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

"შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია", - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე: ბჟანია: რუსეთი აფხაზეთში მუდმივ საზღვაო ბაზას განათავსებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები