
აფხაზურმა „პარლამენტმა“ საეკლესიო დაპირისპირების თემაზე რუსეთის პატრიარქს მიმართა
10/12/2019 12:18:36 კონფლიქტები, სხვა, საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერმა ვალერი ქვარჩიამ რუსეთის პატრიარქ კირილისადმი ე.წ.დეპუტატების უმრავლესობის მიმართვას მოაწერა ხელი, რომელიც „აფხაზეთში საეკლესიო დაპირისპირების პრობლემის გადაჭრაში პროგრესს“ შეეხება.
„პროგრესი აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მხარდაჭერისა და საშუამავლო როლის წყალობით გახდა შესაძლებელი. მადლიერებას გამოვთქვამთ პატრიარქ კირილის მიმართ მისი ყურადღების გამო იმ პრობლემებისადმი, რომელთაც აფხაზური სამღვდელოება აწყდება. დადებითი დინამიკის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ხანებში აფხაზეთის საეკლესიო დაპირისპირება სრულად აღმოიფხვრება, რაც ისტორიულ მომენტად იქცევა აფხაზი ხალხისთვის. ყველანი მოველით, როდის გაერთიანდება ჩვენს ქვეყანაში სამღვდელოება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაგალითად და დასაწყისად იქცევა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში ჩვენი ხალხის გაერთიანებისთვის“, – ნათქვამია, აფხაზური მედიის ინფორმაციით, მიმართვაში.
ამასთან, როგორც საკითხის კომენტირებისას აფხაზური „პარლამენტის“ წარმომადგენელმა ნატალი სმირმა აღნიშნა,"დადებითი დინამიკა შეუძლებელი იქნებოდა მამების ბესარიონისა და დოროთეს სიბრძნისა და კონსტრუქციულობის გარეშე".
იხილეთ ასევე: დაპირისპირებული ბანაკები აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის მისაღწევად გაერთიანებაზე მუშაობას იწყებენ