ოპოზიცია – ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებზე: "კრემლის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკის სრული მარცხია"

05-10-2023 15:47:07 კონფლიქტები

ოპოზიცია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის გახსნის გეგმებს ეხმიანება.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღნიშნულს "კრემლის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკის სრულ მარცხად" აფასებს.

„რუსეთის გადაწყვეტილება, შექმნას მუდმივი საზღვაო ბაზა ოკუპირებულ აფხაზეთში, კრემლის მიმართ ივანიშვილის მიერ წარმოებული დაშოშმინების პოლიტიკის სრული მარცხია. საქართველოს მმართველი პარტია უარს აცხადებს რეაგირებაზე. ამის ნაცვლად, "ქართული ოცნება" დაკავებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცედურით, რომლის მიზანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მეტად ძირის გამოთხრას და ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს", – წერს გახარია სოციალურ ქსელში.

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა "ქართული ოცნების" რუსეთთან წარმოებული პოლიტიკის შედეგია.

"საქართველოს ხელისუფლებას პრაქტიკულად არჩეული აქვს კაპიტულაცია რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლების მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თამაში რუსეთთან, კეკლუცობა რუსეთთან და რუსეთის გავლენების გაზრდა საქართველოში, სწორედ ხდებოდა იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია მოხდეს და მათ შორის ეს გულისხმობს ბაზების გაფართოებას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გამოყენებას", -აცხადებს დეკანოიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხსენებული გეგმები "შედეგია იმისა, რომ "ოცნება" რუსეთთან მიმართებაში ე.წ. დალაგების პოლიტიკას ახორციელებს":

"რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება ოჩამჩირის რაიონში ახალი ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით, არის შედეგი იმისა, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს, იმ შემრიგებლური პოლიტიკისა რუსეთთან მიმართებაში და ე.წ. დალაგების პოლიტიკისა. მაშინ როცა ჩვენ, ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენს უსაფრთხოების სისტემას უნდა ვაძლიერებდეთ, ვთანამშრომლობდეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ქართული ოცნების ხელისუფლებამ აირჩია რუსული ვერტიკალი. შესაბამისად ამ რუსულ ვერტიკალს ყოველთვის ანალოგიური შედეგები მოაქვს".

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბაზის განთავსების გეგმა "რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში საომარი მოქმედების გადმოტანის მცდელობაა":

"ეს გემები ატარებენ ფრთოსან რაკეტებს, რომლებსაც ყოველდღიურად უშენენ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. შესაბამისად, ეს გემები წარმოადგენენ უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს და აქედან გამომდინარე, ამ ბაზის მშენებლობა არის პირდაპირი მცდელობა, მოხდეს საომარი მოქმედებების გადმოტანა აფხაზეთში. მოვუწოდებთ ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, წინ აღუდგნენ ამ მცდელობას, რამდენადაც ეს დიდ საფრთახეს უქმნის მათ უსაფრთხოებას, დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეებს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები