
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა
05/10/2023 16:38:53 პოლიტიკა, სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა.
სასამართლო დასკვნას პარლამენტს კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში წარუდგენს. წარდგინების ბოლო ვადა 14 ოქტომბერია.
საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა.
თავად პრეზიდენტი სხდომებს არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ.
წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია.