
თეა წულუკიანი: "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება აღარ გადაისინჯება"
10/12/2019 14:06:37 სხვა, საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ გადაისინჯება.
მან ამას დიდი გამარჯვება უწოდა.
მისივე თქმით, დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, გუშინ, 9 დეკემბერს, სტრასბურგის სასამართლოს 5-მა მოსამართლემ ე.წ. ფილტრაციის კომიტეტმა იმსჯელა და განსახილველად არ მიიღო „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრეების საჩივარი, რომლითაც ისინი სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვას სთხოვდნენ.
"შესაბამისად, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მესაკუთრეების, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" ყველა პრეტენზია, რომელიც მათ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ჰქონდათ წარდგენილი, როგორც ისინი უარყოფილი იქნა 18 ივლისს და არც ერთი დარღვევა არ დადგინდა, ყველა ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არის საბოლოო და არავითარ გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება", - განაცხადა წულუკიანმა.