ჰერჩინსკი – 12 ევრორეკომენდაციაზე: ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მეორეს მხრივ, მოდის ცუდი სიგნალები საქართველოდან
06/10/2023 07:04:08 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქვეყნის მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება/არშესრულების საკითხს ეხმიანება.
"ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც საქართველოში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის ვიზიტი შედგა, თუმცა მეორეს მხრივ, მოდის ცუდი სიგნალები საქართველოდან და ერთ-ერთია პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს პირველი პრიორიტეტის შესრულებას, ანუ დეპოლარიზაციას. ასევე არის ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც არ უწყობს ხელს მეორე პრიორიტეტის შესრულებას და ასევე არის ზეწოლა არასამთავრობოებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასეა თუ ისე, ევროკავშირის 27 ქვეყანა გადაწყვეტს ყველაფერს და მე იმედი მაქვს, რომ დეკემბერში ზეიმის საბაბი გვექნება. პრემიერ–მინისტრმაც მოისმინა ევრიოპელი ლიდერების მოსაზრებები ესპანეთში და ეს მოსაზრებები ნამდვილად გულწრფელი იყო, - ამბობს ჰერჩინსკი.
ცნობისთვის: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს ოქტომბერში გამოაქვეყნებს.
ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


