შალვა პაპუაშვილი: თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს
06/10/2023 08:35:56 პოლიტიკა
„კაგებეს“ ტაქტიკა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად „დაბრენდონ“, აღარ გაუვათ - თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონი სწორია და ის საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს პასუხობს.
„თუ ვეტო იქნება, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაძლევს მას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან წამხალისებლები. ეს პროცესი ძალიან კარგი ლუსტრაციაც იყო და ამიტომ, ზოგიერთი გაყუჩებულიც იყო და ხმას არ იღებდა. ლუსტრაცია იყო, რადგან, ვინც ამაზე ყვიროდა, ის ხალხია, ვინც საქართველოში რადიკალიზმითა და ექსტრემიზმით გამოირჩევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება შეფასებებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი რუსულია, პაპუაშვილი ამბობს, რომ „საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონებს იღებს“:
„ეს რუსული სტილის კამპანიაა, რაც მარტშიც ვიხილეთ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან. „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკაა, რომ რაღაც თემის ბრენდირება მოახდინონ. სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მოუმზადებელი იყო ამ პროპაგანდისთვის, ახლა მომზადებულია. ხედავთ, რეაქციაც არაა. „კაგებეს“ასეთი ტაქტიკაა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ“.
ცნობისთვის: 5 ოქტომბერს პარლამენტმა აქციებზე კარვების შემზღუდავი ცვლილებები დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი - 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.
"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შედეგად დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.
აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.


