ურსულა ფონ დერ ლაიენი: მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს მკაფიო რეფორმები, რომლებზეც შევთანხმდით
06/10/2023 09:13:22 პოლიტიკა
მთავარი გზავნილია, საქართველოში გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები, რომლებზეც შევთანხმდით, – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
„ჩვენ შევაფასეთ პროგრესი საქართველოში. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამიტომ, მთავარი გზავნილია, გამოიყენონ შესაძლებლობა წინსვლისთვის და იყოს ძალიან მკაფიო რეფორმები პროცესსა და პოლიტიკაში, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცნობისთვის: ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს ოქტომბერში გამოაქვეყნებს.
ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


