პრეზიდენტი აქციების კონტექსტში გამკაცრებულ რეგულაციებს ვეტო–ს დაადებს
06/10/2023 16:43:36 პოლიტიკა
პრეზიდენტი აქციებზე კარვების ამკრძალავ ცვლილებებთან მიმართებაში ვეტო–ს უფლებას გამოიყენებს,– აცხადებენ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში.
ამასთან, ადმინისტრაცია ხაზს უსვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.
„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობას ვეტო–ს დაძლევის რესურსი აქვს პარლამენტში თავმოყრილი დეპუტატების რაოდენობის გათვალისწინები. ამდენად, გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან უფრო პოლიტიკური განაცხადია.
მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს პარეზიდენტს არ გადაუგზავნიან. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კობახიძემ, როგორც მისმა კოლეგამ ასევე მმართველი გუნდიდან მამუკა მდინარაძემ თქვა, "იხუმრა".
"შეკრებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.
"ქართული ოცნების" 7-მა წევრმა დეპუტატმა პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები 2 ოქტომბერს წარუდგინა. ისინი კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი დაგეგმილ ცვლილებებში „პროტესტის აკრძალვის” მცდელობას ხედავენ და ამბობენ, რომ ეს ცალსახად უკან გადადგმული, არადემოკრატიული ნაბიჯი იქნება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია როგორც სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე „სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია”.
აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:
საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.
დავამ შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.


