
პრეზიდენტის მრჩეველი: "უცხოეთში საქართველოზე არაკომპეტენტური კვლევები კეთდება"
10/12/2019 19:48:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უცხოეთში საქართველოს შესახებ არაკომპეტენტური კვლევები კეთდება, რის გამოც, ის საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის.
“საუბარია არაკომპეტენტურ კვლევებზე. საქართველო ამაში ვერ ჩაერევა. შეიქმნება ცენტრი, რომელსაც ექნება ისეთი ავტორიტეტი, რომლის გარეშეც თუ ადამიანი თავს უწოდებს საქართველოს ექსპერტს და ეს ცენტრი არ აღიარებს მის დამსახურებებს, ეს ნეგატიურად აისახება თავად ამ მეცნიერის ავტორიტეტზე”, - განმარტავს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, ცენტრი არ იქნება ახალი ინსტიტუცია ახალი სტაფით და დამატებითი დაფინანსება საჭირო არ გახდება, ის გააერთიანებს ყველა ძირითად კვლევით ინსტიტუტს, განათლების სამინისტროს და მის სსიპ-ს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რექტორებს. ცენტრში არავინ ჩაერთვება სამთავრობო სტრუქტურებიდან.
კონსტანტინე ნაცვლიშვილის განმარტებით, ცენტრის ძირითადი მიზანი იქნება თანამედროვე და ობიექტური ინფორმაციის კოორდინირებული შეგროვება საქართველოსა და რეგიონის შესახებ და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, უცხოეთში:
“დღეს გვაქვს ინსტიტუციონალური დაქსაქსულობა და სახელმწიფო ვერ აქცევს ყურადღებას ქართველოლოგიის ცენტრებს უცხოეთში. ამიტომ უცხოეთში ქართველოლოგიის მიმართულებებმა მიიღო ქაოტური ხასიათი და ჩვენ ვხვდებით საქართველოს ექსპერტებს, რომლებმაც არ იციან ქართული ენა, სათანადო. არ ფლობენ უნარებს ქართული კულტურის ცოდნის”.