
"როდესაც ვარსკვლავები სწორად ლაგდება ცაზე, ჩვენ ბრძოლის ველს გამოვეცალეთ"
10/12/2019 21:26:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, საზოგადოებრივი ორგანზიაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის თინა ხიდაშელის დაკვირვებით, "ცაზე ვარსკვლავები სწორად ლაგდება, თუმცა საქართველო ბრძოლის ველს გამოეცალა". ამის შესახებ ხიდაშელმა მსოფლიო თანამეგობრობის რუსეთისადმი დამოკიდებულებისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხიდაშელი განმარტავს, მოქმედი ხელისუფლებისადმი დასავლეთში გაზრდილი უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე, მმართველი გუნდი ცდილობს, საზოგადოებას შთაუნერგოს აზრი, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უშედეგოა.
"თავის დროზე იყო მომენტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდილობდა, თავისკენ შემოებრუნებინა დასავლური აზრი, მაგრამ არ გამოვიდა. [...] რატომ შეიქმნა ისტორია "ომის დროს ამერიკელები ჩამოვიდნენ და პამპერსები და წყალი ჩამოგვიტანესო" ომის დასრულე ბიდან 10 წლის შემდეგ? მანამდე ასე აქტიურად ამაზე არავინ ლაპარაკობდა. დღეს გახდა ეს აქტუალური სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება ცდილობს, დღეს დასავლეთში მის მიმართ უკიდურესად გაზრდილი ნეგატივის ფონზე მოსახლეობაში გააღვივოს განწყობა, "ჩვენს მხარეს რომ იყვნენ, მაშინ რა რო?" [...]. ამასობაში ისეთი ამბები ხდება მთელს მსოფლიოში რუსეთთან დაკავშირებით... 10–5 წლის წინ ყველაზე უხეშ ოცნებაშიც რომ ვერ წარმოვიდგენდით, ისეთ ნაბიჯებზე მიდის მსოფლიო რუსეთის ხელისუფლების დასასჯელად. ჩვენ ხომ სულ ვამბობდით, რომ საქართველოს ინტეგრაციის შანსი მაშინ აქვს, როდესაც ვარსკლავები სწორად დალაგდება ცაზე. და იმ ფონზე, როდესაც ვარსკვლავები სწორად ლაგდება ცაზე, ჩვენ ბრძოლის ველს გამოვეცალეთ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მანაკების ერთობას, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ერთადერთი ამოცანა აქვთ – მოუგონ მალხაზ მაჩალიკაშვილს, აჯობონ საქართველოს მოსახლებას, აცემინონ ვინმეს ის გოგოები და ბიჭები, რომლებიც გულანთებულები დგანან სამშობლოს სამსახურში – ეს არის ამოცანა, რომლითაც დღეს ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები არიან დაკავებულები",– განაცხადა ხიდაშელმა "ტვ პირველის" ეთერში.