პაპუაშვილი: ფარული კენჭისყრის წესის ცვლილებას პრეზიდენტის იმპიჩმენტთან კავშირი არ აქვს
09/10/2023 12:54:10 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რეგლამენტის პროექტს, რომელიც პარლამენტში ფარული კენჭისყრის წესის ცვლილებასაც ითვალისწინებს, დაჩქარებული წესით არ განიხილავენ და ვერც პრეზიდენტის იმპიჩმენტამდე მიიღებენ. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტი რეგლამენტში არსებული წესით, ფარული კენჭისყრით გადაწყვეტს.
"პროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება. შესაბამისად ცვლილების მიღება ნოემბრის ბოლოს მოხდება, რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ის ვადებშია გაწერილი და ოქტომბერშივე დასრულდება - ამიტომ ამასთან არანაირი კავშირი არა აქვს", – განაცხადა პაპუაშვილმა.
იგი პარლამენტში ფარული კენჭისყრის გაუქმების და თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და გადაყენების ინიციატივას არსებული წესის „უსისტემობით“ ხსნის:
„პრაქტიკის შესწავლამ გვაჩვენა, რომ არის გარკვეული თანამდებობები, სადაც ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ხდება და ზოგზე - ღია კენჭისყრით ხდება. ეს არის ძალიან უსისტემო. მაგალითად, „საქსტატის“ საბჭოს წევრის არჩევა, საპენსიო ფონდის წევრის არჩევა ფარული კენჭისყრით ხდება, მაშინ როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით. საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლის არჩევა ხდება - ფარულით, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით ანუ ამაში აზრი ჩადებული არ არის. საუბარია თითქოს ეს (ფარული კენჭისყრა) არის დეპუტატის დაცვა, მაგრამ რა დაცვა სჭირდება საერთაშორისო სისხლის სამართლის მოსამართლის თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის დროს... ეს რეგლამენტში გარკვეული უსისტემობა იყო და შინაარსშიც ჩანდა, რომ შემთხვევით იყო ზოგან ფარული და ზოგან ღია, ამიტომ მეც, როგორც თანაინიციატორი ამ ცვლილებისა, ავიღეთ პრინციპად - ის, რაც კონსტიტუციაშია ფარული კენჭისყრით, დარჩეს ფარულად, კერძოდ, ეს გახლავს ერთად ერთი შემთხვევა - პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა, სხვა დანარჩენი იქნება ღია კენჭისყრა. ასე რომ, რაც აქამდე იყო ფარული კენჭისყრით, ახლა იქნება ღია კენჭისყრა - ეს პირიქით, უფრო გამჭვირვალეს გახდის გადაწყვეტილების მიღების პროცესს საქართველოს პარლამენტში".
ცნობისთვის: პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება. ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.
კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინა.


