Accentnews.ge
ლაშა ჟვანია: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული

ლაშა ჟვანია: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული

09/10/2023 13:55:43 პოლიტიკა

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ გუშინ, 8 ოქტომბერს, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. მისი თქმით, ამ რეისებზე, ძირითადად, საქართველოს ის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება.

„დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული, მათ შორის, არ ყოფილან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ თავშესაფარი და ღამის გასათენებელი. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. ამ რეისებზე მოთხოვნა არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას. მდგომარეობა ისრაელში, ზოგადად, არის მშვიდი, მე ვგულისხმობ, ისრაელის ცენტრს", - დააზუსტა ელჩმა.

როგორც ლაშა ჟვანია ამბობს, დღეს, 9 ოქტომბერს, ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული.

„ამ დილით შესრულდა რეისი. EI AI Israel Airlines-ის რეისი სრულდება 5 საათზე, გადაიდო რამდენიმე საათით, თუმცა არ გაუქმებულა. ასევე საღამოს იქნება „აირზენას“ რეისი, ისევე როგორც ხვალ და ზეგ", - აღნიშნა მან.

დიპლომატის თქმით, თბილისის მიმართულებით რეისებზე ბილეთები არის: „ბილეთები (როგორც ჩვენც თავად შევამოწმეთ, რადგან ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად) სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოში გამომგზავრებას და უკვე ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს სპეციალურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, უკვე ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომ, შეიძლება, ბოლო წუთს ასევე გამოჩნდეს ადგილები სხვადასხვა რეისზე", - განაცხადა ელჩმა.

როგორც ჟვანია აღნიშნავს, საელჩოს „ცხელი ხაზი" 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

„ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირზე ვართ, ამიტომ, სამი „ცხელი ხაზი“ მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება, რაიმე დახმარება თავშესაფრის, არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებითაც, მაქსიმალურად კონსულტაციებსაც ვაძლევთ და ვცდილობთ ეფექტურად დავეხმაროთ", - დაამატა ისრაელში საქართველოს ელჩმა, რომლის კომენტარიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდან შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ისრაელის არმია ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.

პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2271 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S