
ხარაზი: რუსი ოლიგარქის პირადი მოურავები ბიუჯეტიდან 200 მილიონის მოპარვას გეგმავენ!
10/10/2023 09:05:17 პოლიტიკა, რეგიონები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრის რეზო ხარაზის ინფორმაციით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყნიდან ადამიანები ოჯახებით გარბიან, ხოლო 40 000 სოციალური შემწეობის მომლოდინეა ბათუმში, "რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავები ბიუჯეტიდან 200 მილიონის მოპარვას გეგმავენ".
კერძოდ, მისი ცნობით, „ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ (მუნიციპალური განვითარების ფონდი) შემუშავებული იქნა ახალი ე.წ კურორტების განვითარების ერთ მილიარდიანი პროგრამა, საიდანაც მაგალითად, ბათუმზე გამოიყო 200 მილიონი ლარი". დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო და დღემდე ბუნდოვანია.
"მეტიც, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (nat230015286) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შპს „საბა კონსტარქშენმა“ მიიღო მონაწილეობა და მოიგო. ამ კომპანიას ავანსის სახით 60 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა. შპს „საბა კონსტრაქშენი“ დაკავშირებულია „ქართულ ოცნებასთან“. მას აჭარაში 300 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაო აქვს მიღებული ამ კომპანიას უკავშირდება „გმირთა ხეივნის“ გაჭიანურებული და კორუფციული პროექტი, ასევე ეს კომპანია მოხვდა 2023 წლის გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე ეს კომპანია წლებია ახორციელებს დაბა ჩაქვში ძალოსნობის დარბაზის მშენებლობას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას. ბათუმელებმა უნდა იცოდნენ სად და როგორ იხარჯება მათზე გამოყოფილი 200 მილიონი ლარი“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.