
ერევნის მერად მმართველი პარტიის კანდიდატი აირჩიეს
10/10/2023 09:29:42 კავკასია
10 ოქტომბერს სომხეთის დედაქალაქის მერად ქვეყნის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების“, წარმომადგენელი ტიგრან ავინიანი აირჩიეს.
კენჭისყრა ახალარჩეული უხუცესთა საბჭოს პირველ სხდომაზე გაიმართა.
ავინიანს 32–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხუთი წინააღმდეგი იყო.
ავინიანი მერის თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და ასარჩევად 27 ხმა ჰყოფნიდა.
ერევნის უხუცესთა საბჭოში 17 სექტემბერს გამართული არჩევნების შედეგად შევიდნენ „სამოქალაქო ხელშეკრულების“ გარდა „ ეროვნული წინსვლის,“ „რესპუბლიკის,“ „საზოგადოებრივი ხმის,“ და ბლოკ „სომხეთის დედის“ წარმომადგენლები. „სამოქალაქო ხელშეკრულებამ“ ამომრჩეველთა 32,5%–ის ხმა მიიღო.
"ეროვნულმა წინსვლამ,“ და ბლოკ „სომხეთის დედამ“ 10 ოქტომბრის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს იმედით, რომ კვორუმი არ შედგებოდა.
10 ოქტომბერს ახალმა მერმა ტიგრან ავინიანმა და მისმა მხარდამჭერმა პარტია „რესპუბლიკამ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.