10-10-2023 14:23:05 პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება.
როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მას არ ჰგონია, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს ხელი უნდა ახლონ.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებები ჩამოყალიბებულად კრიტიკული არ არის. ამის მაგალითად მან კომისიის დასკვნის ის ნაწილი მოიყვანა, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეფორმაზეა საუბარი.
„პირადად მგონია, რომ იუსტიციის საბჭოს ფუნქციები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და ორი უმთავრესი რამ არის განსაზღვრული, ესაა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მეორე, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ესაა მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება. ამ ორი ფუნქციის გადააზრება რამდენად აუცილებელია, ამაზე პასუხს იძლევა სამუშაო ჯგუფებში გამართული დისკუსია. მე არ მგონია, საქართველოში არსებობდეს ჩამოყალიბებული, მწიფე აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა გათავისუფლებას და დანიშვნას იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა თვითმმართველობის გარდა, სხვა ვინმე უნდა ახორციელებდეს. არ მგონია ასევე, რომ ხელი უნდა ვახლოთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს“, — განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ვენეციის კომისია საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნას აქვეყნებს და მასში მიმოიხილავს შეუსრულებელ, ნაწილობრივ შესრულებულ ან ბოლომდე შესრულებულ რეკომენდაციებს.