პარლამენტში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება
10/10/2023 12:54:02 პოლიტიკა
პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება - ნაცვლად ხუთისა, შესაძლოა, შვიდი იყოს წარმოდგენილი.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც „ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან. მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება.
ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა პარლამენტის ხარჯებს ზრდის: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახელფასო ანაზღაურება 6 340 ლარია. მას ჰყავს სამდივნო და ემსახურება ავტომანქანა.
"როდესაც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება, სამი ვიცე-სპიკერი უმრავლესობით იქნება წარდგენილი, ხოლო სამი ოპოზიციას ეყოლება - ახლა ოპოზიციურ ფლანგი მრავალსუბიექტიანია, ოპოზიციაში მეტი პოლიტიკური ჯგუფია, ვიდრე აქამდე იყო",– ასე განმარტავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მმართველი გუნდის მოტივაციას.
ამასთან, კითხვას, ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება რამდენად შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ აღნიშნულ პოზიციაზე არჩევა შეიძლება კონკრეტულ დეპუტატებს უნდოდეთ, ქადაგიშვილმა ასე უპასუხა: „რა თქმა უნდა, უნდათ“.
„წლების წინ პარლამენტში უმრავლესობის და ოპოზიციის კვოტით სამ-სამი ვიცე-სპიკერი იყო. შემდეგ მათი რაოდენობა ორ-ორ ვიცე-სპიკერამდე დავიდა. რეგლამენტი პირვანდელ ვარიანტს უბრუნდება. სამი ვიცე-სპიკერი ოპოზიციას ეყოლება, სამი ვიცე-სპიკერი - უმრავლესობას, ხოლო პირველი ვიცე-სპიკერის დასახელება კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა იქნება“, - თქვა ქადაგიშვილმა.
ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით ამჟამად პარლამენტში შემდეგი სურათია: პირველი ვიცე-სპიკერის პოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი იკავებს. საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო არიან წარმოდგენილები. ხოლო ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერად არ აერჩიათ.


